2026 წლის 30–31 ოქტომბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მორიგ, ტრადიციულ, კოლეგიალურ ვიზიტს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივმა კოლეჯმა უმასპინძლა. შეხვედრაში 20-ზე მეტი კოლეჯის 50-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. კოლეგიალური ვიზიტები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოცდილების გაზიარების, საერთო გამოწვევების განხილვისა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიების პლატფორმას ქმნის. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმის მიზანი, მისი პრაქტიკული გამოყენება და სარგებლიანობა, ასევე ამ ფორმის შეცვლისა დამისი მიზნობრივი გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესების საჭიროებები. ცალკე განხილვა დაეთმო 2026 წელს სტუდენტთა მიღების პროცესში არსებულ გამოწვევებს, შიდა და გარე რეგულაციებთან შესაბამისობასა და შესაძლო გადაწყვეტილებებს. ასოციაციის ხარისხის კომიტეტმა წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ადმინისტრაციული წარმოებების მასალების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ტენდენციები და მიგნებები. შპს ინტერბიზნესის აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აკადემიის დირექტორი, ინგა მანაშერიძე და ხარისხის მართვის სამსახურიოს უფროსი, ნაზო წიბლიშვილი.
კერძო კოლეჯების ასოციაციის მორიგი კოლეგიალური ვიზიტი
სიახლეები
2 ნოემბერი, 2026